სააგენტოში სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აგრარული უნივერსიტეტის აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და სამომავლო პერსპექტივები გააცნეს. სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა კახა სოხაძემ მომავალ სპეციალისტებს სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპები და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები წარუდგინა. ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ჯანმრთელობის დასაცავად ახორციელებს. „აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რასაც უზრუნველყოფს სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ხშირი კომუნიკაცია. სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან და ჩაერთვებიან სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და დასაქმებას სახელმწიფო თუ კერძო სექტორში“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ დემნა ხელაიამ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, პერიოდულად იმართება შეხვედრები, რომელთა მიზანია ახალგაზრდა კადრების პროფესიული უნარების ამაღლება და აგრარული სპეციალობების პოპულარიზაცია.

Visited 121 times, 1 visit(s) today