საქართველოსა და ბანგლადეშის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის ოქმს და გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ბანგლადეშის მხრიდან – საგარეო საქმეთა მდივანი შაჰიდულ ჰაკი.
კონსულტაციებზე განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ტურიზის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის პოტენციალს, ასევე, პარლამენტთაშორისი კავშირების განმტკიცების აუცილებლობას და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სამართლებრივი ბაზის განვითარების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. ხაზი გაუსვეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას ორივე ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის შემდგომი განვითარების კონტექსტში.
საქართველოსა და ბანგლადეშის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბანგლადეშის მხარეს გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მისალოცი წერილები ბანგლადეშის პრეზიდენტის აბდულ ჰამიდის და საგარეო საქმეთა მინისტრის აბულ ჰასან მაჰმუდ ალის სახელზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საიუბილეო 2017 წლის განმავლობაში საქართველოსა და ბანგლადეშში კულტურული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებას.
მხარეების მიერ ასევე გამოითქვა მზადყოფნა ორმხივი კონსულტაციების რეგულარულად ჩატარების თაობაზე. დავით ჯალაღანიამ ბანგლადეშის საგარეო საქმეთა მდივანი მოიწვია საქართველოში.
გრძელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში. 2017 წლის 12 სექტემბერს ქ. დაკაში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა ბანგლადეშის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის (FBCCI) პრეზიდენტთან შაფიულ ისლამთან, სადაც გაფორმდა ფედერაციასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის დამყარების მემორანდუმი. ბანგლადეშის მხრიდან დაფიქსირდა დაინტერესება საქართველოში ბიზნეს დელეგაციის მივლინების შესახებ, ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაცნობისა და შესწავლის მიზნით.