საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

09/05/2016

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დანიელ მიტოვი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, გაბრიელა ბატაინი დრაგონი.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით. სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად.
სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე. გეგმის ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს მხრიდან, ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის დირექტორი ვერენა ტეილორი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ოფისის ხელმძღვანელი ვერენა ტეილორი, საქართველოს უზენასი სამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოადგილე მამუკა ვასაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ზურაბ ხრიკაძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებების ოფიციალური პირები.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა 2016-19 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტები. საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.
სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, ბულგარეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გამართეს ერთობლივი პრეს კონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე შეხვედრებს მართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის კუთხით. მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას.
სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს სოფელ ხურვალეთთან და ადგილზე გაეცნობიან იქ არსებულ ვითარებას. ასევე გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0