საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები განიხილეს

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრების ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ განიხილეს. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, უცხოური გავლენის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს და მასში განსაზღვრულია უცხოური ძალის აგენტის ცნება და მისი რეგისტრაცია.

„სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პრინციპების დონეზე მიგვეღო ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენით, შემდეგ უკვე განვაცხადეთ, რომ კანონპროექტებს გავგზავნით ვენეციის კომისიაში და მეორე მოსმენა არ იქნება, სანამ ვენეციის კომისია არ წარმოადგენს დასკვნას, რითაც პრაქტიკულად უზრუნველვყავით, რომ ნებისმიერი სპეკულაცია, რომ ან ერთი ან მეორე კანონპროექტი არის რუსული – დასრულებულიყო,“ – განაცხადა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გურამ მაჭარაშვილმა.

კანონპროექტის დასახელების შეცვლის ინიციატივით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი გამოვიდა.
მისი თქმით, მისთვისაც დისკომფორტული და შფოთვის საგანია „უცხოური გავლენის აგენტის“ დასახელება.

„მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, რომ ვიმსჯელოთ დასახელებაზე, მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს ამ სფეროში მომუშავე უამრავი, მართლა კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტაცია,“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტებს და განსახილველად გადასცეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. სხდომის დასასრულს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პირობით, რომ გადაიხედება ტერმინები და გაიმართება შესაბამისი დისკუსიებიც.

Visited 14 times, 1 visit(s) today