საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს (წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება განიხილა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოსთვის 40 მლნ. ევროს ოდენობის სესხის 15 წლის ვადით გამოყოფას, მათ შორის 5 წელი შეღავათიანია. საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე. აღნიშნული თანხა მოხმარდება საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე 15,35 მლნ. ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფაც. კომიტეტის სხდომაზე „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ განიხილეს. წარმოდგენილი ცვლილება ეხება ფრანგ მომწოდებლებსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ჰაწვალში ორი საბაგიროს მიწოდება/ინსტალაცია, ხოლო თეთნულდში ხუთი საბაგირო მოწყობილობის მიწოდება.

„აქედან ოთხი საბაგირო უკვე შესულია ექსპლუატაციაში. დარჩენილია ერთი საბაგიროს ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომლის დასრულება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი კიდევ ერთი – საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს. დოკუმენტს ხელი 2022 წლის 20 ივლისს მოეწერა და იგი ჩაანაცვლებს საქართველოსა და თურქმენეთს შორის 1993 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რომლიც არ შეესაბამება საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის დარგში აღებულ ლიბერალიზაციის კურსს. ახალი შეთანხმებით ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის; ხოლო ტარიფები და ფრენების სიხშირე განსაზღვრონ დამოუკიდებლად საავიაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, ტურიზმის განვითარებას და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარმოდგენილი დოკუმენტების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

Visited 28 times, 1 visit(s) today