საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

20/12/2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საზღვაო შრომის კონვენციის“ რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. კონვენცია, საზღვაო სექტორში შრომის შესახებ არსებულ თითქმის ყველა ნორმატიულ დოკუმენტს ერთი ახალი კონვენციის სახით უყრის თავს და მეზღვაურთათვის სამუშაო პირობების უფლებების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დოკუმენტი რატიფიცირებისთვის, სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა. კონვენცია მეზღვაურთა მუშაობისა და ცხოვრების შესახებ, თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს, მათ შორის: შრომით ხელშეკრულებას, ხელფასს და მისი გადახდის წესს, სამუშაო და დასვენების დროის ხანგრძლივობას, შვებულებით სარგებლობის უფლებას, ჯანმრთელობის დაცვას, სამედიცინო მომსახურებას, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას, სოციალური უსაფრთხოების დაცვას და ა.შ. კონვენციის რატიფიცირებით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მისი დროშის ქვეშ მცურავ ყოველ გემზე საზღვაო შრომით ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა უზრუნველყოს. საქართველო იღებს ვალდებულებას ქვეყნის კანონმდებლობა, კონვენციით დადგენილი პირობების თანახმად მოიყვანოს სისრულეში. სწორედ ამიტომ მომზადდა კანონპროექტის პაკეტი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ და მისი მიღების შედეგად მეზღვაურთა შრომის შესახებ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული დებულებები კანონმდებლობაში აისახება.

„წარმოდგენილი პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას და საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: თავდაცვის პოლიტიკა, სტრატეგიული კოორდინაცია და თანამშრომლობა, თავდაცვის ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა, თავსებადობისა და შესაძლებლობების განვითარება, თავდაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი საკითხები, შეიარაღების კონტროლი და განიარაღება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში თანამშრომლობა და სხვა. გარდა ამისა, შეთანხმება თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და კოორდინირებისთვის რუმინულ-ქართული ერთობლივი სამხედრო კომიტეტის (MJC) შექმნას ითვალისწინებს.

„ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს, თუმცა, ეს თანამშრომლობა გადადის ახალ ეტაპზე. იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე შეუწყობს ხელს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას. ამიტომაც, ეს შეთანხმება იქნება ახალი ნაბიჯი განსაკუთრებით ნატო-სთან დაახლოების გზაზე,“ – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ციცაგმა.

კომიტეტის სხდომაზე, „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ განიხილეს, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის 100 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად. სესხის ხანგრძლივობა 20 წელია, მათ შორის, 5 წელი შეღავათიანი პერიოდია, საპროცენტო განაკვეთი კი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროგრამის მიზანია რეფორმების განხორციელება განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით. მომხსენებლის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2022 წლის 30 მარტს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას 358 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. სხდომაზე მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს.

​„რამდენიმე კვირის წინ, საქართველომ ASEAN-ის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა. ეს პროცესი დაახლოებით 6 წელი გრძელდებოდა, ვიდრე მოვიპოვეთ ყველა მონაწილე ქვეყნის მხარდაჭერა. ჩვენ უკვე დეკემბრიდან ვართ საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი, აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ შეიქმნას კიდევ ერთი მუდმივმოქმედი დელეგაცია. ეს არის რეგიონი, რომელსაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე. ამიტომ სასიხარულოა, რომ ამდენი წლის მცდელობის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ ეს სტატუსი და უკვე უშუალოდ გვექნება შესაძლებლობა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან უშუალო კონტაქტი ყოველწლიურად გვქონდეს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0