საგურამოში შშმ პირებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში შშმ პირებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა. დაწესებულებაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 6-დან 18 წლამდე ასაკის 25 შშმ ბენეფიციარი უსასყიდლოდ შეძლებს, სპეციალური, პროგრამის გამოყენებით სხვადასხვა მიმართულებით აიმაღლოს უნარ-ჩვევები, დაეუფლონ საბუნებისმეტყველო და გამოყენებითი საგნების ინკლუზიურ და ინტეგრირებულ სწავლებას, მათ შორის, ხატვას, ძერწვას, ქსოვას, არტ თერაპიას და სხვა. პროცესი, მოზარდების სოციალური რეაბილიტაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ამჟამად, 14 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას ინდივიდუალური ამბილიციისა და გეგმის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს, ინდივიდუალური ფუნქციონალური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარების განვითარებას, ორჯერად კვებას, საცხოვრებელი სახლიდან ტრანსპორტირებასა და უკან დაბრუნებას, თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭირო შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას. დღის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, იაპონიის საელჩოსა და „ლიბერთი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გადამზადდა დაწესებულებაში მომუშავე პერსონალიც. პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ყოფილი ბავშვთა სახლის შენობა სრულად, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო შშმ პირებზე ადაპტირებული შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. საგურამოს შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ ფუნქციონირებისთვის, შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფასა და მიწოდებას, არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ განახორციელებს. პრეზენტაციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, პირველი მოადგილე გურამ ამირიძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტოშიო კაიტანი, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ალექსი ხოსროშვილი, ქუთაისის განათლებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლია კილაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურა აბესაძე და სხვა ოფიციალური პირები.

Visited 752 times, 1 visit(s) today