6 დეკემბერს სასტუმრო “ლოპოტა რესორტში“ გაერო-ს კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო ჩარჩო პროგრამის იმპლემენტაციის გზამკვლევის შემუშავების მიზნით სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ არის დაფინანსებული და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მხარდაჭერითა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) ორგანიზებით, „ჩვენ მზად ვართ! – განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ პროექტის ფარგლებში იმართება.
შეხვედრის მონაწილეებმა გზამკვლევის სამუშაო ვერსია მოამზადეს. აღნიშნული დოკუმენტით შესაძლებელი ხდება სენდაის ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთი პრიორიტეტის – ინკლუზიური კომპონენტის (შშმ პირების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში) ასახვა კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიულ დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში.
შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა პარტნიორის ძალისხმევა გააღრმავებს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას და ინკლუზიური კომპონენტის გაძლიერებას ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებში.
გამართულ შეხვედრაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.