სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან ახალი პროგრამის მიმდინარეობის განვითარება

22/04/2017

საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან საუბარისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი დაჩქარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა განაპირობოს.
მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ საუბრისას, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დაწყებული ახალი პროგრამა აღნიშნული გეგმის პრიორიტეტებზეა დაფუძნებული, რაც ფონდის მხრიდან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნდობის დადასტურებაა.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან ახალი პროგრამის მიმდინარეობის განვითარება და იმედი გამოთქვა, რომ ის წარმატებით გაგრძელდება.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ დორნბოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0