საკონსტიტუციო პროექტის ის თავები, რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ უმნიშვნელოვანესი ნაწილია საკონსტიტუციო რეგულირების

11/04/2017

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის – საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის მორიგი გაერთიანებული სხდომა იმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემოთავაზებული კონსტიტუციის პროექტი არსებითად ასახავს იმ დისკუსიებს, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარიმართა.
„საკონსტიტუციო პროექტის ის თავები, რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ უმნიშვნელოვანესი ნაწილია საკონსტიტუციო რეგულირების. ჩემი სუბიექტური შეფასებით, შესაბამისი თავების ახალი რედაქცია ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და მეორეს მხრივ, აყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესების გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას საქართველოში“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ფუნდამენტური ცვლილება.
„შემოთავაზებულია დღევანდელი შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავისი ელემენტებით, რომელსაც აქვს ძალიან მყარი დასაბუთება და ამაზე დღეს შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ. რაც მთავარია, წარმოდგენილი ვარიანტი არის საუკეთესო ბალანსი ორ ძირითად ინტერსს შორის, ეს არის პლურალიზმის და სტაბილურობის ინტერესი. ახალი მოდელი პრაქტიკულად გამორიცხავს საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას. გვახსოვს, რომ წარსულში გარკვეული რისკები უკავშირდებოდა ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯომარემ. მისივე თქმით, პროექტში შემოთავაზებულია სხვა ცვლილებებიც, რომელიც პარლამენტის თავს უკავშირდება, მათ შორის ფრაქციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს საპარლამენტო კულტურის შემდგომ განვითარებას, საგამოძიებო კომისიას და სხვა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი რედაქციით ჯეროვნად არის მოწესრიგებული ურთიერთობები პარლამენტსა და მთავრობას შორის. „ეს იყო ერთ-ერთი სუსტი მხარე არსებული კონსტიტუციის და ეს საკითხები სათანადოდაა მოწესრიგებული კონსტიტუციის ახალ რედაქციაში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სტატუსთან და უფლებამოსილიბების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სტატუსი უცვლელი რჩება, ხოლო უფლებამოსილებების კუთხით ცვლილება ხორციელდება მხოლოს იქ, სადაც ამას იურიდიული ლოგიკა მოითხოვს.
„ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომისიის მიზანი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა.
სტატუსი რჩება ზუსტად ისეთი, როგორიც დღეს არის განსაზღვრული მოქმედი კონსტიტუციით. ეს არის მაღალი სტატუსი, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. უფლებამოსილებების კუთხით გვაქვს ცვლილება მხოლოდ იქ, სადაც ამას იურიდიული ლოგიკა მოითხოვს “,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და მათ სრულად დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც სერიოზული დისკუსიები გაიმართა როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში, ასევე სხვა ფორმატებში და უპირატესობა პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესს მიენიჭა.
„წარმოდგენილი იქნა უამრავი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც არის წარმოდგენილი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0