საკრებულოს დეპუტატები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარს დაესწრნენ

14/08/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები „საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარს დაესწრნენ.
სემინარი საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორმა ლი ‘იხუანმა და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ მიმართეს.
საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მიზანი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების, ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარება, იყო. სემინარზე ძიანგსის პროვინციის შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხში; ასევე, ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა და სტრატეგიული პროექტი „აბრეშუმის გზა“ განიხილეს.
საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის ფარგლებში რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალი შედგა ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოსა და კახეთის რეგიონს შორის; ძიანგსის პროვინციის ქვანახშირის გეოლოგიური ბიუროსა და საპარტნიორო ფონდს შორის; ასევე, სემინარის ფარგლებში ხელი მოეწერა ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პროექტებს.
სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მუნიციპალიტეტებისა და გუბერნიების, ასევე, ქვეყნის მრეწველობის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში მოღვაწე 150-მდე ბიზნესკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0