საკრებულოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიება „თბილისი – სოხუმი“ გაიმართა

25/09/2023

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება “თბილისი – სოხუმი” გაიმართა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებულ რეგიონს – აფხაზეთს – მიეძღვნა. ღონისძიება, რომელზეც მკვლევარ ანა ბაქანიძის წიგნის “აფხაზეთი ქართულ პრესაში” პრეზენტაცია და დევნილი მხატვრების – დავით ბაძაღუასა და მანონ ბულისკერიას – ნახატები იყო წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა. ახალი გამოცემის შესახებ დამსწრეებს წიგნის ავტორი ანა ბაქანიძე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, წიგნი “აფხაზეთი ქართულ პრესაში” მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში (1866-1899 წწ.) არსებულ ქართულ გამოცემებში (“დროება”, “ივერია”, “ცნობის ფურცელი”, “კვალი”, “მწყემსი”, “აკაკის თვიური კრებული”) აფხაზეთთან დაკავშირებულ მასალას აერთიანებს. ამ პერიოდის ქართული პრესა აფხაზეთში არსებული ვითარების გასაცნობად და საქართველოს ამ უძველესი მხარის ისტორიის უკეთ შესასწავლად თვალსაჩინო სურათს ქმნის. შესაბამისად, წიგნის მასალებიც მრავალფეროვანია და პოლიტიკის, კულტურის, განათლების, მედიცინის, სამართლის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და სხვა საკითხებს მოიცავს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, მხატვარი და მწერალი მანონ ბულისკერია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი, ისტორიკოსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კახა კვაშილავა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კალიგრაფთა ასოციაციის დამფუძნებელი ნესტან ბაგაური, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი ესმა მანია და სხვები. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის, სხვა სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0