საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

28/04/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
ცვლილების თანახმად, უცვლელი რჩება „ჭავჭავაძის გამზირი – კუსტბა“ საბაგიროთი სარგებლობის ტარიფი, ხოლო „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზით სარგებლობის ფასი ერთი ლარიდან 2.5 ლარამდე იზრდება.
თავდაპირველად, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისის საკრებულოში შემოტანილი ცვლილება ორივე საბაგიროთი მგზავრობის ტარიფის ლარიდან ორ ლარამდე ზრდას ითვალისწინებდა, თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომისიამ თავმჯდომარის თევდორე კობახიძის ინიციატივით, წარმოდგენილი საკითხის შესაბამისი სამსახურის მიერ შემდგომი განხილვისა და ახალი პროექტის შემუშავების მიზნით დროებით გადადო.
როგორც თევდორე კობახიძემ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა, „რიყე-ნარიყალას“ საბაგიროთი, ძირითადად, ტურისტები სარგებლობენ, რომლებისთვისაც მომატებული ტარიფიც მისაღები იქნება, ხოლო „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბით“ მოსარგებლე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ორ ლარამდე გაზრდილი ტარიფი მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა.
შესაბამისად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა იურიდიულ საკითხთა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ცვლილების ახალი პროექტი წარმოადგინა, რომელსაც კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის წევრებმა თანხმობა მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილების საკითხს, რომლის შესაბამისად, საკრებულოს წევრი ლია ჯახველაძემ გარემოს დაცვის კომისიის ნაცვლად მუშაობას განათლებისა და კულტურის კომისიაში განაგრძობს.
დღესვე სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული საკითხი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში მოექცა. შესაბამისად, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით თბილისში მგზავრთა გადამყვან კომპანიებს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეღავათი გაეწიათ და ისინი დამატებული ღირებულების გადასახადისგან განთავისუფლდნენ.
რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ კომპანიებს ყოველთვიური გადასახადი შეუმცირდათ და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თბილისში მოძრავ ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, სხდომაზე თანხმობა მიეცა ,,ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-44, ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის N33-92 დადგენილებებში ცვლილებების შეტანის, ასევე რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით პრივატიზების და იჯარის ფორმით გადაცემის საკითხებსაც.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0