სალომე ზურაბიშვილმა, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

15/01/2020

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გურიის რეგიონის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პრეზიდენტმა საზოგადოებას ქართული თეატრის დღე მიულოცა, ხაზი გაუსვა თეატრების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგიონულმა თეატრებმა შეიძინონ ახალი სიცოცხლე.

“მინდა ყველას მივულოცო ქართული თეატრის დღე, რადგან ქართული თეატრი ჩვენი კულტურის ერთ-ერთი უძვირფასესი ნაწილია. აქ ვდგავარ ას სამოცდაათ წლიანი ისტორიის მქონე თეატრის წინ. ოზურგეთის თეატრი, რომელიც ამჟამად რეკონსტრუქციის ქვეშაა, მალე გაიხსნება. 2020 წელს, ის ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ქალაქსა და საქართველოს. მინდა ეს მივულოცო არა მხოლოდ ოზურგეთს, არამედ სრულიად საქართველოს, რამდენადაც რეგიონისათვის თეატრი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ბოლო წლებში ბევრ ქალაქში თეატრებს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ახლა საჭიროა, რომ მხოლოდ შენობა კი არ იყოს გარემონტებული, არამედ ახალი სიცოცხლე შეიძინოს რეგიონულმა თეატრებმა. სწორედ ეს არის რეგიონში კულტურის გაცოცხლების, ქართული ენის მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და ახალგაზრდებისათვის ქართულ კულტურასთან ზიარების საწინდარი. ამგვარად, ახალგაზრდებს მიეცემათ არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც, რომ ადგილზე განაგრძონ ცხოვრება. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ქართული თეატრის დღე და ამ თეატრს დიდი წარმატება ვუსურვო,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

“საამაყოა, რომ რეგიონში გვაქვს ასეთი წარმატებული და დიდი ტრადიციების მატარებელი თეატრი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის თეატრალური ცხოვრების განვითარებაში და ასევე, წარმატებით ეწევა ქართული კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციას ქვეყნის გარეთ. აღსანიშნავი და სასიხარულოა ის ფაქტი რომ, მიმდინარეობს ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება. ძალიან მალე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, რეაბილიტირებულ თეატრში შევძლებთ ვუმასპინძლოთ სხვადასხვა თეატრალურ დასებს. თეატრალურ საზოგადოებას ვულოცავ ქართული თეატრის დღეს! ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებებს, პრემიერების სიუხვეს და ბევრ, გულწრფელ აპლოდისმენტს”- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0