სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა გერმანულმა კომპანიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. პროექტის პრეზენტაციისთვის GM Projektmanagement GmbH-ის ხელმძღვანელი კონრად გოდემაიერი საქართველოს პირადად ეწვია. პრეზენტაციაზე კომპანიის ხელმძღვანელმა ტელემედიცინაზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური ცენტრის უპირატესობაზე ისაუბრა. დიაგნოსტიკის ცენტრის უმთავრესი მიზანი მინიმალურ დროში სწორი დიაგნოზის დასმაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო უზრუნველყოფის ხარისხის გაზრდა, შორს მყოფი ექიმი-სპეციალისტების პაციენტისთვის დაუსწრებელი დიაგნოზის დაუყოვნებლივ დასმა, დაუსწრებელი მონიტორინგი – გულის ინფარქტის ნიშნების ამოცნობა, ორმაგი გამოკვლევის, წარუმატებელი თერაპიის პრევენცია, მულტი-რეგიონების-მონაცემთა ცენტრის მეშვეობით სათანადო ექიმის სწრაფად მოძიება, საავადმყოფოში და კერძო ექიმებთან დიაგნოსტიკური და თერაპევტული მუშაობის გაადვილდება, ექსტერნული ლაბორატორიების მიერ მონაცემთა სწრაფი ანალიზი, დაუსწრებელი დიაგნოზისთვის სურათების დაუყონებლივ გაგზავნა-მიღება სამედიცინო უზრუნველყოფის ცენტრებს შორის, სამედიცინო ტელეკონსულტაციის მეშვეობით სპეციალისტების გამოცდილების დისტანციური გაზიარება, დისტანციური პროფესიული განათლება და სხვა. ტელემედიცინაზე დაფუძნებული სამედიცინო დიაგნოსტიკის ცენტრი ხელს უწყობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უძღვებოდა. პრეზენტაციას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა ახვლედიანი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების და სამმართველოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. გერმანიის დელეგაციასთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა კომპანია BauerMED-ის ხელმძღვანელი მაკა ბაუერი.