სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

11/07/2020

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, ასპინძის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო-რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერ როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. ამ დრომდე, ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა. რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უკვე 23 ახალი ადმინისტრაციული შენობაა გახსნილი და ამჟამად კიდევ 30 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0