სამცხე-ჯავახეთში რეგიონული კლუბი „ტაო“ დაფუძნდა, პირველი სარაგბო გუნდი საქართველოში, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ არის მხარდაჭერილი.
ღონისძიება დაბა ასპინძაში რაგბის ბაზაზე ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ბავშვთა გუნდების სარაგბო ფესტივალით დაიწყო, რომლის ყველა მონაწილეს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ სამახსოვრო სიგელები გადასცა.
მოწვეულ სტუმრებს და კლუბის დამფუძნებლებს – ახალციხის მერს, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ასპინძის მუნიციპალიტეტების გამგებლებს „ტაოს“ პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ სამომავლო გეგმები გააცნო.
კლუბის დაფუძნების მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რაგბის ახალ საფეხურზე აყვანა და პოპულარიზაციაა. მხარის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, კლუბის დაარსება ასევე, ხელს შეუწყობს რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
ახალი რეგიონული გუნდის დაარსება დადებითად შეაფასა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, მისი თქმით – უმნიშვნელოვანესია, რომ ამით საქართველოში საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას და რეგიონალური სარაგბო გუნდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება მხარდაჭერილი.
ღონისძიებაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთში არსებული სარაგბო პოტენციალის შესახებ, რომლის წარმოსაჩენად ცნობილი მორაგბეების ჩამონათვალიც საკმარისია. მათ შორის არიან საბჭოთა რაგბის ვარსკვლავები – ძმები ხარშილაძეები, მსოფლიო დონის ერთ-ერთი უძლიერესი მორკინალი – ლევან ცაბაძე („ლეონსიო“) და საქართველოს ახლანდელი ნაკრების მოთამაშე – გიორგი მელიქიძე. აღინიშნა რომ, დღეისათვის სამცხე-ჯავახეთში მრავალი იმედისმომცემი მოზარდი თუ ახალგაზრდა მორაგბე ვარჯიშობს. ახალი კლუბის დაარსება კი ხელს შეუწყობს ამ ახალგაზრდული ძალების შენარჩუნებას რეგიონში, მათი შესაძლებლობების სრულ წარმოჩენას და შემდგომ განვითარებას.