სამწუხაროდ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, გაიზრდება ცდუნება, რომ სასკოლო სისტემა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რუსთავის #2-ე საჯარო სკოლაში გამართული ფილმის ჩვენების საპასუხოდ განუცხადა. არსებული ინფორმაციით, რუსთავის #2-ე საჯარო სკოლამ ფილმის ჩვენება მოაწყო, სადაც საუბარი ოჯახის სიწმინდეს დაეთმო. ნაჩვენებ ფილმში კი ლევან ვასაძის სიტყვით გამოსვლაა გადაღებული და 26 მაისის დარბევის კადრებია ასახული. მინისტრის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. ფილმის ჩვენებას კი სკოლის ადმინისტრაციის გულუბრყვილო შეცდომას უწოდებს.
„სამწუხაროდ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, გაიზრდება ცდუნება, რომ სასკოლო სისტემა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ. აღნიშნულ ფაქტზე გვაქვს ინფორმაცია, მიმაჩნია, რომ ეს იყო გულუბრყვილო შეცდომა, როდესაც სკოლის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ კარგ საქმეს აკეთებდა. რადგან მათ ეს დაუშვეს, როგორც ოჯახის სიწმინდე და ქართული ტრადიცია. ნაჩვენები იყო წამების კადრები, მგონია, რომ ამ ადამიანებს ეს ნეგატივი არ შეუფასებიათ. განგიმარტავთ, რომ სკოლები თვითონ გეგმავენ თავიანთ კულტურულ საქმიანობას. მითითება, ეს ფილმი აჩვენონ თუ არა, სამინისტროს მხრიდან არ ხდება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.