NDI-სა და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით პარლამენტის წევრები სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი საჯარო შეხვედრებს აგრძელებენ რეგიონებში მოსახლეობასთან თემაზე: საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოება: გამოწვევები და შესაძლებლობები.
საჯარო შეხვედრების ციკლი 15 ივლისს ბათუმში დაიწყო და დღეს თიანეთში გაგრძელდა.
შეხვედრას, რომელიც საკრებულოში გაიმართა, სტუდენტები, მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა მიმოიხილეს საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტები, საპარლამენტო დიპლომატიის როლი საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაზრდა და ქვეყნის უალტერნატივო ევროატლანტიკური სწრაფვები.
სოფიო ქაცარავა: „ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ეს ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი, ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია და ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან. ერთად ვმსჯელობთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საკითხებსა და გამოწვევებზე, ვაცნობთ მათ ჩვენს პოლიტიკურ კურსს, სხვადასხვა რეფორმების შესრულების პროცესს და ვისმენთ მათგან ძალიან საინტერესო და ყურადსაღებ მოსაზრებებს. ქვეყნის განვითარება და საერთო მიზნებთან დაახლოვება შეუძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეების ნებისა და მხარდაჭერის გარეშე, სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი მათი ზედმიწევნით ინფორმირებულობის უზრუნველყოფა. მინდა მადლობა გადავუხადო თიანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას და მაჟორიტარს ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს ამ მხარის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის, რომელიც მართლაც ევროპული სტანდარტის მაგალითია სხვა რეგიონებისთვის. მნიშვნელოვანი წინგადადგმულია ნაბიჯია ტურიზმისა და რეგიონალური განვითარებისთვის. მადლობას ვუხდი ასევე NDI-ს, ბრიტანეთის საელჩოს და მოქალაქეებს ინტერესისა და დისკუსიაში მონაწილეობისთვის“.