21-23 მარტის სასესიო კვირაში, კანონმდებლები საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით იმსჯელებენ. აღნიშნული საკითხის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ჩასმის თაობაზე გადაწყვეტილება დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული.
ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განისაზღვრა. პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატების არჩევის საკითხზე და პარლამენტის დადგენილების პროექტებზე იმსჯელებენ. სხდომაზე ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ. საპარლამენტო უმცირესობამ პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის თაობაზე მოთხოვნა წარმოადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პოლიტიკური დებატების გამართვის თემას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება წარმოადგენს. როგორც ბიუროზე აღინიშნა, პოლიტიკური დებატების გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დეპუტატები, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში მიიღებენ.
პარლამენტის ბიუროს მორიგი სხდომა 21 მარტს, 11.45 საათზე პარლამენტის, ქუთაისის სასახლეში გაიმართება.
საპარლამენტო უმცირესობამ პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის თაობაზე მოთხოვნა წარმოადგინა
19/03/2018