საპარტნიორო ფონდს და ჩინურ კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

12/05/2016

საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, ჩინურ კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ჩინეთის მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლებას, რეგიონებში დასაქმებას, ჩაის დარგვისა და მოვლის უნარების კულტურის ამაღლებას და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესებას.
„საქართველოსა და ჩინეთს ჩაის წარმოების, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ასწლიანი ისტორია აკავშირებთ. ჩვენს ქვეყანას ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობები გაააჩნია და რაც მთავარია, ასევე აზიის და ევროპის ბაზრებზე დამკვიდრების კარგი შესაძლებლობა აქვს,“ განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
პროექტის მიზანია საქართველოში ჩაის მრეწველობის აღდგენა, შავი ზღვის სხვადასხვა რეგიონებში ჩაის მოყვანა, ჩაის გადამუშავების ტექნოლოგიის დახვეწა, ჩაის კულტურის და ჩაის ტურიზმის განვითარება.
„ეს პროექტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ჩაის მრეწველობის დარგში და „ახალი აბრეშუმის გზის“ სტრატეგიის განხორციელებაში,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.
ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მოიცავს: ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას.
Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd
ჩინეთის მსხვილი კომპანიაა, რომელიც ძირითადად სპეციალიზირებულია სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებაში. კომპანიას ანგჰუისა და სიჩუანში ჩაის წარმოების ინდუსტრიული ბაზა და სოფლის მეურნეობის განვითარების საწარმოები აქვს.
Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd
ჩინური მრავალპროფილიანი კომპანიაა, რომელიც ძირითადად ფლობს საბითუმო სავაჭრო ცენტრებს, ასევე დაკავებულია საგარეო ვაჭრობით, სასოფლო სამეურნეო, მეცხოველეობისა და სამრეწველო საწარმოების განვითარებით. ამჟამად ის წარმოადგენს ყველაზე დიდ ჩინურ საინვესტიციო კომპანიას საქართველოში.
საპარტნიორო ფონდის შესახებ
სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 %-ს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0