„საპარტნიორო ფონდს,“ ჩეხეთის მაზარიკის სახელობის კიბოს ინსტიტუტსა და საქართველოს უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14/10/2017

„საპარტნიორო ფონდს,“ ჩეხეთის მაზარიკის სახელობის კიბოს ინსტიტუტსა და საქართველოს უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს (ონკოლოგიის ეროვნილი ცენტრი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ოფიციალური ცერემონია ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოში შედგა. მემორანდუმის მიზანია მხარეებმა გააძლიერონ, ხელი შეუწყონ და განავითარონ თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება კიბოს პრევენციის, მკურნალობისა და კონტროლის სფეროში.
მემორანდუმი ითვალისწინებს: გაცვლითი პროგრამების, სემინარების, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამების ორგანიზებას სტუდენტებისა და სამედიცინო პროფესიონალებისთვის კიბოს პრევენციისა და კიბოს კონტროლის სფეროში ერთობლივი კონფერენციების, სიმპოზიუმების ან სხვა სამეცნიერო შეხვედრების ორგანიზებას ონკოლოგიური პრობლემების შესახებ; გამოცდილების გაზიარებას კიბოს რეესტრის განვითარების, მენეჯმენტისა და ონკოლოგიური მონაცემების ანალიზის გაუმჯობესების მიზნით; გამოცდილების გაზიარებას კიბოს მართვის სქემებსა და გაიდლაინებში; გამოცდილების გაზიარებას კიბოს სკრინინგის პროგრამების ორგანიზებაში; კიბოს პრევენციის სფეროში სახელმძღვანელოების, კვლევითი ჟურნალების, კურიკულუმებისა და გაიდლაინების მიწოდებას ქართული მხარისთვის.
შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო. „საპარტნიორო ფონდი“ მათი განვითარებისა და ულტრატანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით, მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან მართავს.
„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური დელეგაცია, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩეხეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ფონდის დელეგაციის წევრები ჩეხეთიის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.
ჩეხეთის პარლამენტის სენატისა და ბიზნესისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს „ჩეხინვესტთან“ გამართული შეხვედრების შემდეგ საქმიანი ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩეხეთის „ექსიმბანკისა“ და „ექსპორტის დაზღვევის კორპორაციის“ პირველ პირებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, ფონდის მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, ფონდის შვილობილი – „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეა გიორგაძე და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი რემა ღვამიჩავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0