სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოში პირველად, მეჩარხის პროფესიული პროგრამა დაინერგა. შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი პროფესიის სწავლებისთვის მოეწყო და აღიჭურვა შესაბამისი სასწავლო ლაბორატორია. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 256 000 ლარია. ახალ პროგრამას, კოლეჯის საქმიანობას და განახლებულ სასწავლო ლაბორატორიებს დღეს, მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო. კოლეჯში ასევე წარმატებით ხორციელდება 20-22 თვიანი, სხვადასხვა მიმართულების სარკინიგზო-სატრანსპორტო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამები.
ამ ეტაპზე კოლეჯს 350-მდე პროფესიული სტუდენტი ჰყავს. თეორიული კურსის დასრულების შემდეგ, კოლეჯის სტუდენტები უშუალოდ საქართველოს რკინიგზის ობიექტებზე გადიან სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას და ამასთანავე, შრომით ანაზღაურებას იღებენ. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები საქმდებიან საქართველოს რკინიგზის საწარმოებში.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით სრულად რეაბილიტირდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, რაზეც ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. კოლეჯი, სადაც კვალიფიციური პედაგოგები და დარგის სპეციალისტები მუშაობენ, 2018 წელს ამოქმედდა.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოში პირველად, მეჩარხის პროფესიული პროგრამა დაინერგა
13/12/2019