სასესიო კვირაში პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი უძღვებოდა, 18 – 21 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს. სასესიო კვირაში პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტი აწესრიგებს იარაღის ბრუნვის შეზღუდვასთან, ცივი იარაღით ვაჭრობასთან, ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველთან და იარაღის ბრუნვის კონტროლთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. კანონის პროექტის თანახმად ცივი იარაღით ვაჭრობა, იმპორტი ხდება ლიცენზირებადი საქმიანობა. პარლამენტი ასევე პირველი მოსმენით იმსჯელებს საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს. ბიურომ იმსჯელა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესაბამის კომიტეტებში განსახილველად განაწილების თაობაზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოტანილ საკანონმდებლო ინიციატივას „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ინიციატივა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ფუნდამენტური რეფორმები განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ყოველმხრივ დასაცავად.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი ბოლო 20 წელია არ შექმნილა და არ შეგვიცვლია და გაეროს კონვენციის შემდეგ, ჩვენი ვალდებულება იყო ადგილობრივი ეროვნული საკანონმდებლო ბაზის კონვენციის პრინციპებთან და ღირებულებებთან ჰარმონიზაციაში მოსვლა. ეს ინიციატივა და ეს პაკეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მხრივ. ვფიქრობ, ეს ინიციატივა იქნება სამაგალითო მთლიანად რეგიონისთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სავალდებულო კომიტეტებს გთხოვოთ, იქნებ ოპტიმალურ ვადებში მოხდეს აღნიშნული ინიციატივის განხილვა, ვინაიდან საკმაოდ ვრცელი, 27 ინიციატივისგან შემდგარი პაკეტია და თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ყოველდღიურ კეთილდღეობაზე აისახება ამ ინიციატივის შედეგები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის პარლამენტში შემდგომი განხილვის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა თხოვნით მიმართა ბიუროს, დეპუტატთა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივის, რომელიც აზარტულ თამაშებთან და რეკლამასთან დაკავშირებულ რეგულაციებს მოიცავს, განხილვის ვადასთან დაკავშირებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, აზარტულ თამაშებთან და რეკლამასთან დაკავშირებით, რამდენიმე პროექტია ინიცირებული. მისი განცხადებით, ამის გამო მიზანშეწონილია საკითხის გადადება, რათა მოხდეს პოზიციების შეჯერება და აღნიშნული საკითხების ერთ პაკეტში გათვალისწინება. ანრი ოხანაშვილის თქმითვე, საკითხის თაობაზე კომიტეტებში განხილვის დაწყების თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„ფინანსთა სამინისტროს ინიცირებული აქვს პაკეტი, რომელიც შეეხება არა მხოლოდ აზარტული თამაშების რეკლამებს არამედ, მთელ რიგ საკითხებს, რომელშიც გათვალისწინებულია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ამ თამაშობების დარეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე, დაინიცირებულია საკითხი, უმრავლესობიდან ჩვენი კოლეგების მიერ და ასევე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საკითხი მხოლოდ გადავდოთ. გეთანხმებით, რომ არ შეიძლება საკითხის გაჭიანურება და ჩვენ ამას არ ვაჭიანურებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობასთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია, ვაწარმოებთ ძალიან ბევრ სამუშაო შეხვედრას. მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ვათანხმებთ პოზიციებს და მათ შორის, ის პროექტიც, რომელიც თქვენ და თქვენმა კოლეგებმა დააინიცირეთ, ითვალისწინებს იმ საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლოა მთლიანად ერთ პაკეტში მოხდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე, ასევე, განიხილეს საორგანიზაციო სხდომის წამყვანის ინფორმაციით, მომდევნო სასესიო კვირაში კანონმდებლები მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

Visited 31 times, 1 visit(s) today