სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს

09/06/2017

„საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. მისი თქმით, უცხოელ ინვესტორებს მიწა მხოლოდ გარკვეული პერიოდით განკარგვაში უნდა გადაეცეთ.

„სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება სახელმწიფოს მიერ არ უნდა ხდებოდეს და ინვესტორებს განკარგვაში მხოლოდ გარკვეული პერიოდით უნდა გადაეცეთ. ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მისაღები ფორმაა. ინვესტორს თუ მხოლოდ ინვესტიციის მიზნით, მიწის გამოყენება უნდა, შესაბამისად, ეს პირობები მისთვის აბსოლუტურად საკმარისი იქნება და ეს ინვესტიციების შემოსვლას ხელს არ შეუშლის. თუ ინვესტორებს ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ მიწის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში სურთ, ასეთ ინვესტორთან საუბარი აუცილებელიც არ არის. ასე რომ, ამ პოზიციას აბსოლუტურად მხარს ვუჭერ”,- განაცხადა საგანელიძემ.

მისი თქმით, ამ მიმართულებით შესაძლოა, ინვესტიციები მცირედით შემცირდეს.

„შეიძლება ამ მიმართულებით ინვესტიციები შემცირდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან პატარა პროცენტით მოხდება. ეს სწორედ ის პროცენტი იქნება, რომელშიც უფრო მეტი სურვილი იყო საქართველოში მიწის შეძენის, ვიდრე ინვესტიციის განხორციელების. ეს არის სწორი გადაწყვეტილება. უცხოეთში ფინანსური პოტენციალი ძალიან დიდი არის, მაგრამ საქართველო ძალიან მცირემიწიანი ქვეყანაა. შეიძლება დღეს და ხვალ არ ჩანდეს ასე სახიფათოდ უცხოელზე მიწის გასხვისება, მაგრამ ძალიან გრძელვადიან პერიოდში თუ შევხედავთ ამას, შეიძლება გარკვეული საშიშროებები და პრობლემები არსებობდეს”.- განაცხადა საგანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0