სასურველია, რომ მიუხედავად გარკვეული რისკების არსებობისა, სახვანჭკარე მასალის ადგილზე გადამუშავების შესახებ კანონი წელსვე შევიდეს ძალაში

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა,რომელსაც რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე,რწმუნებულის მოადგილეები, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე-ზურაბ ვაჭარაძე, სააგენტოს წარმომადგენლები, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი- ზვიად მხეიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-ასლან საგანელიძე და ადგილობრივი მევენახე-მეღვინეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის “ხვანჭკარის” წარმოების სპეციფიკაციასა და მნიშვნელობაზე. 2019 წელს, ყურძნის ადგილზე გადამუშავების კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობებზე.
ადგილობრივმა მეღვინეებმა აღნიშნეს, რომ სასურველია, მიუხედავად გარკვეული რისკების არსებობისა, სახვანჭკარე მასალის ადგილზე გადამუშავების შესახებ კანონი წელსვე შევიდეს ძალაში, რათა მომავალი წლები შედარებით უფრო დაზღვეული და პროგნოზირებადი იყოს.
სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც არსებულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში და მიღებულ წინადადებებს სამსჯელოდ წარუდგენს ღვინის ეროვნულ სააგენტოს.

Visited 157 times, 1 visit(s) today