საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

11/10/2022

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები განიხილეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ, ჯგუფს „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებები – ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ გააცნო და ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, აუდიტის ობიექტებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმოადგენდა. შესწავლილი იყო 2014-2012 წლები.

„პროგრამა მიუხედავად იმისა, რომ ქმნიდა გარკვეულ სიკეთეს და ეხმარებოდა მეწარმეებს, არ იყო დიფერენცირებული მეწარმეების სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით. პროგრამას ჰქონდა ერთიანი მიდგომა, მიუხედავად იმისა, საწარმო იყო მცირე, საშუალო თუ მსხვილი“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

მომხსენებელმა ჯგუფს გაცემული 2 რეკომენდაცია გააცნო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ასევე განიხილა „საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“. მომხსენებლის, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კეკელიშვილის განცხადებით, აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა საჯარო სამსახურის ბიურო.

„აუდიტის მიზანი იყო საჯარო სექტორში დასაქმებულების პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობისა და იმ აქტივობების შეფასება, რომლებიც გამიზნულია აღნიშნული საკითხის დარეგულირებასა და განვითარებისთვის. აუდიტის მთავარ კითხვას წარმოადგენდა თუ რამდენად არიან უზრუნველყოფილი საჯარო სექტორში დასაქმებული მოსამსახურეები, მიიღონ ხარისხიანი და მიზნობრივი პროფესიული განვითარება“, – განაცხადა გიორგი კეკელიშვილმა.

​მომხსენებლის განმარტებით, შესწავლილი იყო 2019-2020 წლები და შესაბამისი მიგნებების საფუძველზე გაიცა 5 რეკომენდაცია.
ჯგუფის წევრებმა ასევე მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“.

„აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და პერიოდი იყო 2017-2021 წლები. აუდიტის მთავარი კითხვა იყო თუ რამდენად უზრუნველყოფილია სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული მჭიდრო კავშირის განვითარება“, – განაცხადა გიორგი კეკელიშვილმა.

​ჯგუფის სხდომაზე გაცემული თითოეული რეკომენდაციების ირგვლივ დეტალური მსჯელობა გაიმართა. რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, განხორციელდება როგორც საპარლამენტო კონტროლი, ასევე ზედამხედველობა აუდიტის სამსახურის მხრიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0