საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინიციატივა გაიზიარა

30/06/2017

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავასა და მამუკა მდინარაძის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც ახალი ტექნოლოგიებით წარმოებული, ელექტროძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც კახაბერ კუჭავამ კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.

კანონპროექტის ინიციატორმა ისაუბრა კანონპროექტის არსზე და მისი მიღების მიზნებზე.
„ელექტროძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების (მოტოციკლები, კვადროციკლები და ა.შ.) იმპორტის ან/და მიწოდების გათავისუფლებით დღგ-საგან, ჩვენ გვსურს, რომ წავახალისოთ ამ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა მოსახლეობაში, ვინაიდან მათ გააჩნიათ მთელი რიგი უპირატესობები საწვავზე მომუშავე ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით. ამ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ასევე ხელს შეუწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ. მისივე თქმით, ამ საკანონმდებლო ცვლილების მიზანს წარმოადგენს მწვანე ეკონომიკური ზრდის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს დადებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილ ინიციატივას მთავრობიდანაც აქვს მხარდაჭერა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა არის პროგრესული და იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მომავალში საქართველოს სატრანპორტო სფეროს შემადგენლობას და მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას.

ამასთანავე, როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ვინაიდან ეკონომიკაში არის 5,3%-იანი ზრდა, საგზაო მოძრაობის და სატრანსპორტო სფეროში ტარდება რეფორმები, 8,7%-იანია ზრდა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში და ეს სექტორი სულ უფრო აქტიურად მოითხოვს მოტოტრანსპორტს, რომელიც ასევე სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობაში და ამას სტატისტიკაც აჩვენებს, რაც მთავარია მოტოტრანსპორტი უფრო ეკონომიური და გარემოსთვის ნაკლებად დამაზიანებელია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იგი კომიტეტში შემოვიდა დამატებითი ინიციატივით, რომ კვადროციკლები, სკუტერები, მოტოციკლეტები განბაჟდეს არა ღირებულის 18%-ით, როგორც აქამდე ხდება, არამედ ძრავის მოცულობასთან დაკავშირებული ტარიფით, ანუ განბაჟდეს იგივე წესით, როგორც დღეს ხდება ავტომობილების განბაჟება. „ეს არის ვიცეპრემიერ კახა კალაძის და ჩვენი იდეა, საკმაოდ დიდი ხანია ვფიქრობთ ამაზე და მოხარული ვარ რომ დღეს მეძლევა საშუალება კანონმდებლობაში ცვლილებები ამ კუთხით შემოგთავაზოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კახაბერ კუჭავას განცხადებით, იგი იზიარებს გამოთქმულ ინიციატივას და კანონპროექტის ავტორები მზად არიან იგი წარმოდგენილ კანონპროექტში ასახონ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილის განცხადებით კი, მთავრობა ეცდება ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად მოკლე დროში წარმოადგინოს დასკვნა. კომიტეტმა ამ დათქმით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს.

კომიტეტის სხდომაზე ასევე პირველი განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა – კანონპროექტები „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ წარადგინა.

სოფო კილაძის განცხადებით, ცვლილებების მიზანს წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება. კერძოდ, ძლიერდება აპარატის მართვის სისტემა და ცვლილების მიხედვით იქმნება ახალი თანამდებობა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს აპარატის უფროსი უხელმძღვანელებს. დღემდე აპარატს ხელმძღვანელობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე უწევს. ამავდროულად, კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სახალხო დამცველის საბიუჯეტო ხელშეუხებლობის გარანტიების შექმნას – სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით, მხოლოდ სახალხო დამცველის თანხმობით იქნება შესაძლებელი.

კომიტეტმა საბოლოო- მესამე მოსმენით განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. კანონპროექტები მოგების გადასახადის დაბეგვრის რეჟიმის, გადასახადების ადმინისტრირებისა და საბაჟო პროცედურების სრულყოფის მიზნით შემუშავდა.
კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0