საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის 2021 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარუდგინა დეპუტატებს. მისი ინფორმაციით, გაცემულია 3 რეკომენდაცია, რომლებიც ეხება საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით კონტროლის სხვადასხვა მექანიზმის, ასევე, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების სამართლიანი და ობიექტური განაწილების მიზნით კონტროლის მექანიზმების დანერგვას. სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სხდომაზე ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა წარადგინა. ​მისი ინფორმაციით, აღნიშნული აუდიტის საფუძველზე გაცემულია 8 რეკომენდაცია, რომელიც ძირითადად ეხება: მონაცემთა შეგროვების და დამუშავების მეთოდოლოგიას, საქმიანობის ობიექტური შეფასების ინდიკატორების შემუშავებას, სტრატეგიულ და წლიურ დაგეგმარებას, რისკების შეფასების სისტემის შექმნას, ჯანმრთელობის დაცვისა და მომხმარებლის დაცვის სამთავრობო და არასამთავრობო თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავებას. სხდომაზე, სამხედრო განათლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გააცნო თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა მეგი კოდოშვილმა. ​მისი თქმით, გაცემულია 5 რეკომენდაცია, რომელიც ეხება: სამხედრო განათლებას, კადეტთა ამორიცხვის მიზეზების მოკვლევას, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის გაგრძელებისა და სწავლის უწყვეტობის პრინციპის შენარჩუნების მიზნით წამახალისებელი მექანიზმების შემუშავებას.

Visited 14 times, 1 visit(s) today