საქართველოსა და ავსტრიას შორის საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს

07/03/2017

საქართველოსა და ავსტრიას შორის საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა, არად ბენკოსმა და ავსტრიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა გეორგ კარაბაჩეკმა.
საქართველოში ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით მრავალი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი დახმარება. სამომავლო პროექტებს შორისაა გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობა, სოფლის მეურნეობისა და ტყის სექტორის მხარდაჭერის მიმართულება.ორ ქვეყანას, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მიუხედავად, ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვთ.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს თბილისში საქართველო-ავსტრიის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების საკითხი და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ორმხრივი ბიზნეს ფორუმიც გაიმართება, რომლის მუშაობაში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერის გამო.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ავსტრიის სავაჭრო პალატის ოფისის ხელმძღვანელი ანა ლატარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0