იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. თეა წულუკიანმა საერთაშორისო სავაჭრო პალატისა (ICC) და კონსულტანტი ინჟინრების საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს პირველად საერთაშორისო კონფერენცია თბილისში ტარდება. საქართველო ღონისძიების მასპინძლად შეირჩა როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი როლის მქონე ევროპული ტიპის სახელმწიფო და ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის.
თეა წულუკიანმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია მრავალი ფაქტორის გამო და ცხადყოფს იმას, რომ ქვეყანას აქვს სწორი ხედვა არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების სწრაფი და შეუფერხებელი აღსრულების მექანიზმის შესამუშავებლად, რაც უმნიშვნელოვანესია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებისათვის, ცვლილებები შევიდა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში. მისი თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ცვლილებებმა უზრუნველყო კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და მნიშვნელოვნად გაამარტივა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი.
საარბიტრაჟო სისტემისათვის უმნიშვნელოვანესია კიდევ ერთი − აღსრულების სისტემის რეფორმა, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს; კერძოდ, გაუქმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი, რის ნაცვლად იქმნება აღმასრულებელთა პალატა. პალატაში გაერთიანებული ყველა აღმასრულებლისათვის დაწესდება საერთო რეგულაციები.
სამინისტროს მიერ შემუშავებული „აღსრულების კოდექსის“ პროექტის მიზანია აღსრულების ახალი ეფექტიანი სისტემის შექმნა და სააღსრულებო წარმოების გამარტივება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნეს- და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში.
მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატას (ICC) შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მისი თქმით, აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად 2018 წლის 20 დეკემბერს პარიზში იგეგმება საზეიმო ვითარებაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს შორის. მემორანდუმის საბოლოო მიზანი საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებაა. შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს შესამუშავებლად ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, ხოლო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან მემორანდუმის ხელმოწერისთვის იუსტიციის მინისტრი ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესს ხელმძღვანელობდა.
თეა წულუკიანმა ისაუბრა, ასევე, სასამართლო სისტემაში კომერციული პალატების შემოღების ინიციატივაზე, რის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გამარტივდება და დაჩქარდება სამართალწარმოების პროცესი.
საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს 28 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, თურქეთის, ალბანეთის, ჩინეთის, ყატარის, ნიგერიის, მალაიზიის და სხვა ქვეყნების დელეგაციები.