საქართველოს დედაქალაქი ჩაერთვება ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში

14/04/2016

თბილისი მოხვდა იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის, რომელიც მსოფლიოს 45 მონაწილე კანდიდატიდან შეირჩა. შედეგად, საქართველოს დედაქალაქი ჩაერთვება ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროგრამას საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 69 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, მათ შორის 2011 წლიდან – საქართველოც. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ გამჭვირვალობას, სამოქალაქო უფლებების გაზრდას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მმართველობის პროცესში.

ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გზით მმართველობას გახდის კიდევ უფრო მეტად ღიას, გამჭვირვალეს და მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებულს. თბილისი და შესარჩევი ეტაპის სხვა გამარჯვებული ადგილობრივი ხელისუფლებები (პარიზი (საფრანგეთი), ონტარიო (კანადა), მადრიდი (ესპანეთი), შოტლანდია (გაერთიანებული სამეფო), ელგეიო მარაკეტი (კენია), ჯალისკო (მექსიკა), სეული (სამხრეთ კორეა) და სხვა) კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, რომლის დამტკიცების შემდეგ დაიწყება გეგმის იმპლიმენტაცია. სამოქმედო გეგმისა და აღებული ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს OGP „დამოუკიდებელი ანგარიშის მექანიზმის“ (IRM) მეშვეობით.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართვით თბილისი ხდება იმ დიდი ქსელის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სხვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებასა და სხვა პირებს, რომლებიც მიზნად ისახავენ შეცვალონ და გააუმჯობესონ მმართველობის კულტურა და „ღია მმართველობის პარტნიორობას“ ამ მიზნის მიღწევის საშუალებად მოიაზრებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0