საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

05/09/2017

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას საშემოდგომო სესიის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი სესია, რომელზეც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას.
„განსაკუთრებით გამოვყოფდი საქართველოს კონსტიტუციას. საბოლოოდ მესამე მოსმენით უნდა ვუყაროთ კენჭი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს. ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და განსაზღვრეს შესაბამისი კომიტეტები.
სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტს პრემიერმინისტრისგან წარედგინა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში. ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, წარმოდგენილია „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის“ განხილვის განრიგი და საკითხის განხილვას კომიტეტები მომავალი კვირიდან შეუდგებიან.
ბიურომ რამდენიმე კომიტეტის მომართვის საფუძველზე, გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რამდენიმე საკითხი კი ცნობად მიიღო.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 6 სექტემბერს, 12.00 საათზე პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება, მანამდე კი, 11.30 საათზე შედგება ბიუროს სხდომა, რომელიც პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0