საქართველოს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ეწვია

03/04/2017

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ინე ერიქსენ სორეიდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
ნორვეგიელი მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრით გაგრძელდა.
ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და მომავალში, ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. ნორვეგიული მხარის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე საუბრისას, ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილ უდიდეს წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიის ჩართულობაზე გაამახვილა. მან JTEC-ის მუშაობის პროცესში ნორვეგიელი ექსერტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმარს სკანდინავია-ბალტიისპირეთი-საქართველოს ფორუმის დაფუძნების ინიციატივით მიმართა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან.
შეხვედრაზე ლევან იზორიამ ინე ერიქსენ სორეიდეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და ნორვეგიულ მხარეს დემოკრატიული რეფორმების გზაზე ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ლევან იზორიამ კოლეგა ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით მოიწვია.
პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ხუთი წელია გრძელდება. თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატში პრიორიტეტულ მიმართულებებს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერა, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზება წარმოადგენს.
მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროში ნორვეგიის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.
გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი შეხვედრას პრეზიდენტთან გამართავს. ნორვეგიელი სტუმრები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ესტუმრებიან. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0