საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ერთობლივმა საკოორდინაციო საბჭომ პირველი სხდომა გამართა

20/04/2018

„ეს ფორმატი იძლევა ძალიან კარგ საშუალებას იმისა, რომ ერთობლივად დავგეგმოთ საქმიანობა, ერთობლივი ინიციატივები. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომაზე განაცხადა.

საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით შექმნილი ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაზე სამომავლო საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

„დღეს ჩვენ პირველად ვიკრიბებით, ამ ფორმატში, ახალი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ერთად ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ, ერთად დავგეგმოთ ის ინიციატივები, რომლებიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ სწორად არის შერჩეული ჩვენი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა. საქართველოს პარლამენტის მხრიდან წარმოდგენილია საბჭოში ორი ვიცე-სპიკერი, ოპოზიცია, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და ასევე, მოხარული ვართ, რომ სათანადო წარმომადგენლობა არის უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე საბჭოს თავმჯდომარე არის წარმოდგენილი ჩვენს საკოორდინაციო საბჭოში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩართვისთვის მზადყოფნა დაადასტურა. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური უხელმძღვანელებს.

„ეს ფორმატი იძლევა ძალიან კარგ საშუალებას იმისა, რომ ერთობლივად დავგეგმოთ საქმიანობა, ერთობლივი ინიციატივები. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მუშაობას, არსებითად, ბატონი ზვიად ძიძიგური გაუძღვება, რომელიც ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას გაუწევს მუშაობას და მეც, მზად ვარ, რომ ჩავერთო აქტიურად საბჭოს მუშაობაში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკოორდინაციო საბჭოს შეადგენლობაში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის , ასევე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0