საქართველოს პრეზიდენტი მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

13/04/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მისი ოჯახის წევრებს და თეატრალურ საზოგადოებას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიუსამძიმრა, სადაც მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
„ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს. გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენშია. ძალიან დიდი სიყვარული და სინანულია დღეს ჩვენში.
გივი ბერიკაშვილი არაჩვეულებრივი მსახიობი და ძალიან სწორი მოქალაქე იყო. იგი ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას აკეთებდა უაღრესად მშვიდად, საკუთარი ერის სიყვარულით.
მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ბატონ გივის და მის ოჯახს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სამოქალაქო პანაშვიდზე გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და პოლიტიკურ მდივანთან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად იმყოფებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0