საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი გაიხსნა

10/11/2017

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი გაიხსნა. ამავე პროექტის ფარგლებში, რომელიც პროფესიული ეთიკის განვითარების საკითხებს შეეხება, გამოიცა ასევე “პროფესიული ეთიკის განვითარების” კრებული.
ცენტრის გახსნისა და კრებულის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
“პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა მხარი დაუჭირა უნივერსიტეტში კვლევითი ცენტრის გახსნას, შემუშავდა სასწავლო პროგრამა და გამოიცა ბროშურა. პროფესიული ეთიკა თემაა, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელიც თითოეულ სახელმწიფო უწყებას გამოადგება და ის რომ ამ მიმართულებით სტუდენტები მიიღებენ დამატებით ცოდნას, აიმაღლებენ კვალიფიკაციას მისასალმებელია, ვინაიდან პროფესიული ეთიკის განვითარება ის საკითხია, რომელსაც მუდმივად სჭირდება დინამიური ზრდა”,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
“პროფესიული ეთიკის განვითარების” კრებულით, უმაღლეს საგანმანათლებლო და დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებში, შესაძლებელი იქნება პროფესიული ეთიკის საფუძვლების, საჯარო, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების საქმიანობის ძირითადი პრინციპების და პროფესიული ეთიკისა და ქცევის თანამედროვე სტანდარტების სწავლება.
ღონისძიებას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0