საქართველოს პროკურატურას გამოცდილების გაზიარების მიზნით ლატვიელი პროკურორი ესტუმრა

სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ ოფიციალური ვიზიტით ლატვიის გენერალური პროკურატურის პროკურორ იევა პაეგლიტეს უმასპინძლა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო თანამშრომლობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის, ქ. თბილისის პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ასევე, განხორციელდა გაცნობითი ვიზიტები თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. შეხვედრები შედგა: მოსამართლესთან, პროკურორებთან, გამომძიებლებთან და სხვა შესაბამისი მიმართულების კომპეტენტურ პირებთან.
განხორციელებულ შეხვედრებზე ძირითადად განიხილებოდა: ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გზები და მეთოდები, კიბერდანაშაულთან ბრძოლის გამოწვევები, ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვებისა და დამაგრების საკითხები, საექსპერტო კვლევების სპეციფიკა, სასამართლო პრაქტიკა, საქართველოში არსებული გამოცდილება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ლატვიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პროკურატურის სისტემის, სტრატეგიული ამოცანების, ფუნქციებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე ლატვიაში ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის დავით კუტალაძის ვიზიტი განხორციელდება. სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების მიზანს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენს.

Visited 187 times, 1 visit(s) today