საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რეგიონებში გასვლითი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალციხეში გამართა შეხვედრა. ღონისძიების მთავარ მიზანს მომხმარებლისთვის სტატისტიკური მონაცემების არსებული და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება ხელს შეუწყობს ადგილობრივ მმართველობას და ბიზნეს წრეებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
უწყების აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის განცხადებით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია და სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს საშაულებას აძლევს, კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულები იყვნენ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქსტატი გეგმავს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებთან კონსულტაციების გამართვას, რაც გულისხმობს მოთხოვნილებებისა და საჭიროებების შესწავლას, აქტიურ დიალოგს, როგორც ინფორმაციის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან, ისე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.