ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განადგურებული ტყეების მწვანე საფარის აღდგენის კამპანიას, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაც შეუერთდა.
დღეს ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ზურაბ ნასარაიამ, მოადგილესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბჟუჟის მიმდებარე სანაპიროს ქუჩის ტერიტორიაზე ლაფანის, ვერხვის, კრიპტომერიის, ზღვისპირა ფიჭვისა და კიპარისის ხეები დარგეს. აქციას ლაითურში სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
გადამწვარ ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სანერგეში კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების მიერ გამოყვანილი გლობალური წითელი ნუსხის სახეობები : ლაფანი (30 ძირი) და ჰართვისის მუხა (2 ძირი) დაირგო. ასევე, აჭარის სატყეო დეპარტამენტმა ლაითურის ტყის მწვანე საფარის აღსადგენად უნივერსიტეტს ქობულეთის სატყეოს თიკერის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილ იაპონური კრიპტომერიის, კედარის და მურყანის 100-მდე ნერგი უსასყიდლოდ გადასცა. კამპანია, რომელიც საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, პერიოდულად გაგრძელდება.