საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლაში ტურნირი გაიმართა

30/06/2017

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ სასროლეთზე ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადების, სპეციალური ოპერაციების ძალების და ეროვნული გვარდიის 18 გუნდმა მიიღო.
ტურნირის I ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებს 100-დან 300 მეტრამდე დისტანციის დაძლევა მოუხდათ. II და III ეტაპებზე გუნდები უკვე 400-დან 600 მეტრამდე და 700-დან 800 მეტრამდე დისტანციებზე სროლაში შეეჯიბრნენ. IV ბოლო ეტაპზე კი, სამხედროებმა 900-მეტრიანი დისტანციიდან გაისროლეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ გუნდურად და ინდივიდუალურად გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეები თასით და მედლებით დააჯილდოვა.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალურად შეგროვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ. II და III ადგილებზე გასულ გუნდებს და სამხედროებს შესაბამისი მედლები, ხოლო I ადგილზე გასულ გუნდს ჩემპიონატის თასი გადაეცა. გუნდურში პირველი ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გახდნენ; მეორე ადგილი II ქვეით ბრიგადას ერგო წილად, ხოლო მესამე ადგილზე I ქვეითი ბრიგადის სამხედროები გავიდნენ. ინდივიდუალურ საპრიზო კატეგორიაში კი, პირველი ადგილი II ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის სამხედრო მოსამსახურეები გავიდნენ.
ტურნირი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ჩემპიონატს მონიტორინგი სპეციალური ოპერაციების ძალებიდან დაკომპლექტებულმა კომისიამ გაუწია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0