საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში

14/12/2019

ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ, ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით, ჩვენს მიწაზე, “კოლხეთის აკადემიის” ფესვებზე აღმოცენდა ევროპული განათლების ისეთი მძლავრი რეგიონალური ცენტრები, როგორიც იყო გელათის და იყალთოს აკადემია.

„შემდგომში ისტორიულმა ქარტეხილებმა, სამწუხაროდ, მოგვწყვიტა ჩვენს საერთო ოჯახს, მაგრამ, როგორც კარგად აღზრდილი ადამიანი ინარჩუნებს ღირსებას ნებისმიერ გარემოში, ისე შეძლო ჩვენმა ერმა თავისი ევროპული კულტურის და ფასეულობების შენარჩუნება. და მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან-საბა, ისევ ჯიუტად მიისწრაფვოდა დასავლეთისკენ და თავისი – “სიტყვის კონით” კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში. მიისწრაფვოდა არა იმიტომ სულხან-საბა, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება. სწორედ ამ, ქართულმა ბუნებამ დაბადა აღმოსავლეთ მთიანეთის პატარა სოფელში ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი – ვაჟა-ფშაველა და სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ მისცა აღაზას, ზვიადაურის დატირების უფლება. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებებია, რაც თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად!ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ, ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, ჩვენი სამშობლო – ესაა ევროპული კულტურა.

„თუმცა სახელმწიფო, რომელიც ისევე განსხვავდება სამშობლოსაგან, როგორც – ქვევრი ღვინისგან, – ყოველთვის როდი იყო ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო – ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ. საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა! მჯერა, რადგან ვხედავ, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია – ერი და ბერი, ერთიანი და მტკიცეა ამ არჩევანში!მჯერა, რადგან ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა – ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, საქართველო ევროპაში ხელცარიელი არ ბრუნდება.

„შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე, ჩვენ, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით. დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა. რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა? ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია; ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა. ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ჩვენ ხელცარიელები არ ვბრუნდებით. საქართველო – „ვეფხისტყაოსნის“ ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია. ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს. ჩვენში “ლეკვი ლომისა” მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად. ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი. იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს შვილი, ანუ იყო ქართველი, ნიშნავს – მღეროდე „მრავალჟამიერს“, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე „ვეფხისტყაოსანს“; იყო ქართველი – ნიშნავს უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას.
საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში.

„სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ. დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში; ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო – სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან; ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი. დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ, მაგრამ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი – “ქართული ოცნება” – ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0