საქართველო-თურქეთის საზღვარზე ამოქმედდა ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი – „კარწახი“

31/03/2018

გიორგი კვირიკაშვილი:
“ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიმყოფებოდე აქ, თქვენთან. მინდა, პირველივე წინადადებაში აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიის თითოეული აქტივისტის როლი ყოველდღიურ საქმიანობაში და იმ წარმატებაში, რომელსაც ჩვენ თქვენთან ერთად ვაშენებთ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დარბაზშია და ვინც დღეს აქ არ არის, მაგრამ ჩვენთან ერთად ააშენა ის წარმატება, რასაც ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვახორციელებთ და რითაც მინდა, ჩვენი ყველა აქტივისტი ამაყობდეს.
სწორედ ამიტომ მინდა, რომ გთხოვოთ მოთმინება და მოვისმინოთ იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ამ რეგიონში განხორციელდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ყველა დეტალი, რათა გვქონდეს სათანადო სიამაყის გრძნობა გაკეთებული საქმეების შესახებ.
რა თქმა უნდა, თავშივე ვიტყვი იმას, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ არის სწორი და აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე.
დავიწყებ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებით, რომელსაც ჩვენ ამ რეგიონში ვახორციელებთ: იცით, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარზე ამოქმედდა ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი – „კარწახი“. პარალელურად, თურქეთში გაიხსნა საბაჟო გამშვები პუნქტი „აქთაშ-ჩილდირი“. გარდა იმისა, რომ ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მგზავრებისათვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღებას, ამავე დროს პროექტი ხელს უწყობს „სარფისა“ და „ვალეს“ საბაჟო-გამშვები პუნქტების განტვირთვას და სასაზღვრო პოლიტიკის გაუმჯობესებას.
დასრულდა ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ძირითადი ნაწილი. პროექტი მოიცავს 180 კმ. სიგრძის სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და მშენებლობას. იგი აზიის ქვეყნებს აკავშირებს ევროპასთან – პროექტი მოიცავს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიებს.
გარდა ამ პროექტებისა, განხორციელდა 150 მლნ ლარის ღირებულების 2,777 ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამში ამ რეგიონში.
დასახლებული პუნქტების საავტომობილო გზების რეაბილიტაციის 306 პროექტი, რომლის ღირებულებაა 89 მლნ ლარი. 265 კილომეტრზე მოეწყო ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის საფარი და ქვიშა-ხრეშის საფარი 200 კილომეტრზე.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 80 ხიდს, 2 100 000 ლარის ღირებულებით. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალციხე – ადიგენის მიმართულებით გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთს, რისთვისაც 8, 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადიგენი-სოფელი მოხეს დამაკავშირებელი გზის 12 კმ-იან მონაკვეთს. დასრულდა გზის მშენებლობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოსა და სოფელ ბარალეთს შორის.
ასევე, დაგეგმილია: აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის გზის რეაბილიტაცია; გოდერძის უღელტეხილზე გადასასვლელი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული საავტომობილო გზები რეგიონს ერთის მხრივ აჭარასთან, მეორეს მხრივ კი, იმერეთთან დააკავშირებს.
სასმელი წყლის სისტემების მოსაწესრიგებლად განხორციელდა 527 პროექტი, 10 600 000 ლარის ღირებულებით. რეაბილიტირებული სასმელი წყლის მაგისტრალების საერთო სიგრძე 350 კილომეტრია.წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები განხორციელდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში -კურცხანში, ბოლაჯურსა და ჩორჩანში; ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუსხში, სვირსა დააწყურში; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კოთელში, სულდა-დადეშსა და ბურნაშეთში.
აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 99 საბავშვო ბაღს, რომელთა ღირებულებამაც შეადგინა 4 800 000 ლარი, რეაბილიტირებული ბაღები აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და შესაბამისი ტექნიკით.
11 განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მათ შორის, ქალაქვალეში, ქალაქ ვალეს მეორე შახტის დასახლებაში, სოფლებში: ურაველი, კლდე, პატარა პამაჯი, მინაძე,წყალთბილა, წნისი, საძელი, წინუბანი, ანდრიაწმინდა.
ახალი ბაღები აშენდა ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ კარწახში; ბორჯომისმუნიციპალიტეტის სოფელ ვარდგინეთში; ადიგენის მუნიციპალიტეტში – დაბა ადიგენსა და სოფლებში ზარზმა, ლელოვანი, უდე, ბოლაჯური.
კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღებს, რომლითაც 600-მდე აღსაზრდელი სარგებლობს.
კეთილმოეწყო 2 ნაგავსაყრელი ასპინძასა და ნინოწმინდაში, შესაბამისად 122 372 ლარი და 317 596 ლარი დაიხარჯა ამ პროექტებზე.
დაიხურა 2 ნაგავსაყრელი ბორჯომსა და ბაკურიანში. ექსპლუატაციაში შევიდა 87 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური „ფარავანი“, რომელიც წლიურად გამოიმუშავებს 420 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას. ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 185 მილიონი აშშ დოლარი, სამუშაოებზე დასაქმებული იყო 1000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 60% ადგილობრივი მოსახლე. გახსნის შემდეგ ჰესზე 35 ადამიანია დასაქმებული.
ამჟამად რეგიონში კიდევ ერთი, 52 მეგავატიანი „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია. ჰესი ექსპლუატაციაში შევა 2019 წელს. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 300 ადგილობრივი მოსახლე, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჰესზე მუდმივად 50 ადამიანი დასაქმდება.
აშენდა თურქეთთან დამაკავშირებელი 400-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ახალციხე“ .
შენდება აჭარასა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 500/400/220 კვ-იანი „ახალციხისა“ და 220/110/35/10 კვ-იანი „ბათუმის“ ქვესადგურების დამაკავშირებელი 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი. მთლიანი პროექტის ღირებულება 36 მილიონი დოლარი გახლავთ. პროექტი ახალციხისა და ადიგენის ტერიტორიაზე დასრულდება 2018 წელს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დამატებით 7473 ოჯახს.
პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში, პირველად მრავალი წლის შემდეგ ელექტროენერგია მიეწოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანის 18 ოჯახს.
რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2017 წელს დაიწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლის პარკში მდებარე მე-19 საუკუნის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია. ჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში სულ მხარდაჭერილია 12 საინვესტიციო პროექტი 22 მილიონი ლარის ჯამური ღირებულებით. ამ პროექტების განხორციელებით შეიქმნება 300-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

აქედან, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტით დაფინანსდა 8 სასტუმროს პროექტი, რომელთა ინვესტიციის მოცულობამ ჯამში შეადგინა 19 მილიონ ლარზე მეტი. დაფინანსებული სასტუმროები შექმნიან 200-ზე მეტ დამატებით ოთახს და 200-მდე ახალ სამუშაო ადგილი იქმნება.
მათ შორის, ბაკურიანში, კოხტას მიმდებარედ 43 ოთახიანი სასტუმრო “ნოელგრანდი”, სადაც დასაქმებულია 41 ადამიანი და საინვესტიციო მოცულობაა 2 მილიონ 160 ლარი.

დაბა ბაკურიანში 28-ნომრიანი სასტუმრო „ბმ პლაზა“, რომლის საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონ ლარამდეა, 20 ადამიანს დაასაქმებს.
თქვენ იცით, თუ რა ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული – დავაფიქსირეთ სურვილი, რომ ზამთრის ოლიმპიადა 2030 წელს საქართველოში ჩატარდეს. ამისათვის საჭიროა, რომ აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციამ ურთიერთშეწყობილად იმუშაოს, რათა ეს სანუკვარი ოცნება რეალურად ახდეს. ამასთან, ჩვენ შეტანილი გვაქვს განაცხადი 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩატარებაზე ბაკურიანში, ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და ვნახოთ, ამის შესახებ გადაწყვეტილება სულ მალე გახდება ცნობილი. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ დატვირთული მუშაობა გველის. ამ მუშაობის წარმატებისათვის და უკვე მიღწეულ შედეგებში თითოეული თქვენგანის როლი გახლავთ უმნიშვნელოვანესი. ამიტომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა იმ ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობისათვის, რომლის შედეგადაც ყველა ეს პროექტი გახდა რეალობა ჩვენს რეგიონში, იმ რეგიონში, სადაც ახლა ვიმყოფებით და რომელიც გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი სტრატეგიული, ულამაზესი, და უნიჭიერესი ხალხით დასახლებული რეგიონი.
მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ასევე, მაჟორიტარ დეპუტატებს, მინდა გუბერნატორს გადავუხადო მადლობა გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია არსებულ ინსტიტუტებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ იყოთ მოტივირებულნი და სიამაყით აღსავსე, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ის გზა, რომელიც პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ დაისახა და რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს, მიგვიყვანს ჩვენი სანუკვარი ქვეყნის გაერთიანებამდე და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობამდე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გისურვებთ წარმატებებს!
წარმატებებს ვუსურვებ იმ დელეგატებს, რომლებიც დასახელებულნი არიან იმისათვის, რომ პარტიის ყრილობაში მიიღონ მონაწილეობა და თქვენი ჭირი და ლხინი მოიტანონ ცენტრალურ ორგანოებში, რათა ისინი უკლებლივ იყოს გადაწყვეტილი.”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0