საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

25/05/2017

​ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში იტალია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.
სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საიუბილეო თარიღის მნიშვნელობასა და იტალია-საქართველოს შორის არსებულ ტრადიციულ და მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

„დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს, თუმცა როგორც ისტორიიდან ჩანს, ჩვენი ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ეს ურთიერთობები ეფუძნება მეგობრობას, დიდ ისტორიულ კავშირებს, საერთო ინტერესებსა და საერთო ხედვებს.“ – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით 25 წლის განმავლობაში საქართველომ იტალიისგან დიდი დახმარება მიიღო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა არის გადამწყვეტი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მიხეილ ჯანელიძემ ასევე ვრცლად მიმოიხილა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ კონცერტის პროგრამა მთლიანად იტალიელი კომპოზიტორების ქმნილებებზე იყო აგებული და მე-16-20 საუკუნეების მრავალფეროვან ნიმუშებს მოიცავდა.
კონცერტში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საგანგებოდ მოწვეულმა სტუმრებმა – ცნობილმა იტალიელმა აკორდეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ და სახელგანთქმულმა ქართველმა საოპერო მომღერალმა იანო ალიბეგაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0