საქართველო იყო, რჩება და იქნება დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს რეგიონში

23/09/2016

საქართველო–ბრიტანეთის სამომავლო ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუნკანის შეხვედრაზე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებზე და მათი წარმატებით განვითარების პერსპექტივებზე. ასევე განხილული იყო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დიდი ბრიტანეთი რჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მხარდამჭერად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას მრავალმხრივი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების შესახებ. კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მზაობა, რათა სამომავლოდ იგი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს და გაფართოვდეს. მხარეებს შორის ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე წლის ბოლომდე უორდროპის დიალოგის გამართვის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში ჩატარდება და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ოფიციალურ დელეგაციას ალან დუნკანი უხელმძღვანელებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომელიც ჩვენ მივიღეთ მინისტრისაგან. ჩვენ შეხვედრის ოთახიდან გამოვედით რწმუნებით, რომ საქართველო იყო, რჩება და იქნება დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ურთიერთობები რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის, გაღრმავდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილება, ეს მისცემს დამატებით მოქნილობას დიდ ბრიტანეთს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს ჩვენი ქვეყნის მიმართ, კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან როგორც პოლიტიკური დიალოგის ნაწილში, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვისაუბრეთ კომერციისა და ინვესტიციების მიმართულებით, ურთიერთობების გაღრმავებაზე და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენ დეტალურად გავაცანით მათ, თუ რა მდგომარეობაა დღეს წინასაარჩევნო პერიოდში, რა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როგორ ვითარდება სიტუაცია და რამდენად სტაბილურია ის მოლოდინები, რომელიც ქვეყანას გააჩნია“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, დიდ ბრიტანეთთან ჩამოყალიბებულია დიალოგის პლატფორმა, რომელსაც „ვორდ დროფის“ დიალოგი ეწოდება. „ბატონი დუნკანი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში წლის ბოლომდე და ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ მოწვევა იმისთვის, რომ გაიმართოს „ვორდ დროფის“ დიალოგი. ეს არის დიალოგის პლატფორმა, რომელზეც იხილება პოლიტიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულება, კომერციული საკითხები და, რა თქმა უნდა, ხალხთა შორის ურთიერთობა“ – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ალან დუნკანთან გამართული შეხვედრა პირველი მაღალი რანგის შეხვედრაა მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი ალან დუნკანი საქართველოში მოიწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0