საქართველო პრაღაში ფესტივალის – “ავტორთა კითხვის თვე” საპატიო სტუმრად არის მიწვეული

01/07/2017

საქართველო პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის საპატიო სტუმრია.
29 ივნისს, პრაღაში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის “ავტორთა კითხვის თვე” გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფესტივალის საპატიო სტუმარი საქართველოა. ღონისძიების ფარგლებში ჩეხეთში 31 ქართველ ავტორს უმასპინძლებენ. ლიტერატურული კითხვის საღამოები ოთხი ქვეყნის ხუთ ქალაქში გაიმართება: ბრნო (ჩეხეთი), ოსტრავა (ჩეხეთი), ვროცლავი (პოლონეთი), კოშიცე (სლოვაკეთი) და ლვოვი (უკრაინა). ყოველი დღე ეთმობა ერთი ქართველი და ერთი ადგილობრივი მწერლის ღონისძიებას.
„ავტორთა კითხვის თვის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაალ გოგსაძემ მიმართა. მან ხაზი გაუსვა ქართული ლიტერატურის მდიდარ ტრადიციებსა და მსოფლიო მნიშვნელობას. ასევე, იმ განსაკუთრებულ ურთიერობებს, რაც ჩეხურ და ქართულ ლიტერატურას აკავშირებს. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ფესტივალის მნიშვნელობაზე ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის კუთხით. ზაალ გოგსაძემ ხაზი გაუსვა ჩეხი ქართველოლოგის და პუბლიცისტის ვაცლავ ჩერნის წვლილს ქართული კულტურისა და ლიტერატურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის საქმეში.
ღონისძიების ფარგლებში ჩეხურმა ჯგუფმა „ჰაერი“ ქართული ფოლკლორული სიმღერები შეასრულა, ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა წაიკითხა ამონარიდი საკუთარი წიგნიდან “ჯინსების თაობა”. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0