საქართველო უნდა იყოს დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის კომფორტული პლატფორმა

13/04/2017

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობისა და მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, საქართველო პატარა, ღია ეკონომიკის ქვეყანაა და მისი ძირითადი კონკურენტული უპირატესობა არსებული ბიზნესგარემო, კანონმდებლობა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებია.
„ინდოეთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა, ეს არის ქვეყანა მილიარდ 300 მილიონი მოსახლეობით, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზრდა და შარშან ეს ციფრი დაახლოებით 7%-ზე მეტი იყო. ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა და ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი კონკურენტული უპირატესობა გახლავთ ბიზნესგარემო, ჩვენი კანონმდებლობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები და აუცილებლად უნდა გავხდეთ დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის პლატფორმა, ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა“ – აღნიშნა მინისტრმა.
გიორგი გახარიას შეფასებით, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის უკვე გაკეთებული და მომავალშიც ბევრი რამის გაკეთებაა დაგეგმილი. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის ძირითადი ენერგია გახლავთ სწორედ ამ პლატფორმის შექმნაში. როდესაც ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, ალბათ ხვდებით, რომ მოსახლეობის რაოდენობით პატარა ქვეყანა ვართ და ვერც მოხმარების დიდი ბაზარი გავხდებით მათთვის და ვერც მათზე უფრო სერიოზული ექსპორტიორები. ამიტომ ჩვენს ძირითად ენერგიას ვუყურებთ იმ კუთხით, რომ ვიყოთ დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის კომფორტული, სტაბილური პლატფორმა. უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერთ ხელს ჩინეთთან, უკვე გვაქვს შეთანხმება გაფორმებული ევროკავშირთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, დავიწყეთ კვლევა ინდოეთთან, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე საუბარი ყურის ქვეყნებთან, აშშ-სთან და ასე შემდეგ“ – აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0