საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნა

09/06/2017

ფონდ „ქართული გალობის“ სათაო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებებს მიეძღვნა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანი“ სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “რუსთავი” ხელმძღვანელი ფრიდონ სულაბერიძე, ფონდი “ქართული გალობის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ფონდის გენერალური დირექტორი ნანა გოთუა. 14-15 ივნისს პეკინში გაიმართება საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღთან დაკავშირებული კონცერტები. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად, 14ივნისს, 19:00 საათზე ,პეკინის საკონცერტო დარბაზის ჰოლში (Beijing Concert Hall) შედგება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ქართული ტრადიციული სამოსის ფოტოგამოფენა. ოფიციალური მიღების შემდეგ, 19:30 საათზე გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელზეც ექსკლუზიურად შესრულდება გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მეგა-პროექტი „ვოისა“. კონცერტში ასევე მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეთა დასი. პროექტის ორგანიზატორია: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაცია და საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პროექტის სპონსორია: „China CEFC Energy Company Limited“, „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია“ და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად იღწვის ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა-პოპულარიზაციისათვის. პროექტის მხარდაჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0