საყოველთაო ჯანდაცვა- პირდაპირი გზა ფინანსური დაცულობისა და მოსახლეობის კმაყოფილებისკენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დელეგაციასთან ერთად ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაზე იმყოფება. სესიის ფარგლებში გაიმართა პარალელური ღონისძიება „საყოველთაო ჯანდაცვის კარგი მმართველობა და მულტისექტორული საქმიანობა“, რომელიც ტაილანდის, იაპონიის და კენიის თანაორგანიზებით და საქართველოს, ლაოსის, გერმანიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგისა და ესპანეთის ხელშეწყობით ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა წარმოადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით-„საყოველთაო ჯანდაცვა-სწორი მიმართულება ფინანსური დაცულობისა და მოსახლეობის კმაყოფილებისკენ“.

„2013 წლიდან ამოქმედებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო მთავარი ნაბიჯი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გასაუმჯობესებლად. მსოფლიო ბანკის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ნათლად გამოყო შემდეგი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საქართველოში გაზარდა წვდომა სამედიცინო სერვისებზე, გაზარდა სერვისების უტილიზაცია და შეამცირა ფინანსური ბარიერები.“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ქვეყნისთვის ჯანდაცვის პრიორიტეტად აღიარების მაგალითად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხების ზრდა მოიყვანა, რომელიც 2012 წელს 365 მილიონ ლარს შეადგენდა, 2018 წელს კი ეს თანხა მილიარდ 135 მილიონამდე გაიზარდა. ჯანდაცვის სერვისებით მოცვა კი, 2007 წელს არსებული 14.1%-იანი მაჩვენებლიდან 99.9%-მდე გაიზარდა. რამდენადაც მედიკამენტებზე დაბალი წვდომა, მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედებულ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის საჭირო მედიკამენტების მნიშვნელოვან წილს აფინანსებს. გარდა ამისა, მინისტრმა პრეზენტაციაში ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე, მსოფლიოში უნიკალურ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე.

„მაქვს პატივი გაგაცნოთ საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაცემები. ბოლო 4 წლის განმავლობაში სკრინინგი გაიარა 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ, 68 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროგრამაში, რომელთაგან 50 ათასამდე პირმა უკვე დაასრულა მკურნალობა. მკურნალობის პროცესი 98%-იანი წარმატებით სრულდება, ხოლო მოცვის მაჩვენებელი 30%-ია მაშინ, როცა მსოფლიოში 7-8%-ია“-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

პრეზენტაციის ბოლოს მინისტრმა მსმენელებს გააცნო საქართველოს ისეთი მნიშვნელოვანი გეგმები, როგორიცაა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადი განვითარება, პრევენციული მედიცინის და პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სტრატეგიული შესყიდვებისა და სელექტიური კონტრაქტირების განვითარება.

Visited 107 times, 1 visit(s) today