საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა

26/12/2017

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პირველ რიგში, კახა კალაძემ ილია ელოშვილს მიულოცა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შემდეგი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, სიმბოლურ ფასად ფართების დაკანონებაა. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს დაუკანონდება.

„ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დავიწყეთ და ბევრ ოჯახს საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონების შესაძლებლობა მივეცით. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ჯამში 132 ოჯახს დაუკანონდა.
თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შეაჯამა და დაწყებულ სტრუქტურულ რეფორმაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, ამ მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისია გაუქმდა. კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს კი, მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ.
კახა კალაძემ დაწყებული პროექტებიდან ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია გამოყო და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება დაახლოებით, 52 მილიონი ლარი ჯდება და 2 000 ადამიანი იქნება დასაქმებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც იქ წლებია ცხოვრობენ, თავი კომფორტულად იგრძნონ და რაც მთავარია, უსაფრთხოდ. იცით, რომ იქ არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენს დედაქალაქში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება “, – განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის განვითარების ფონდს, რომელიც ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს, მადლობა გადაუხადა.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება უკანონო მშენებლობებისა და სამშენებლო ნორმების გამკაცრების საკითხზეც გაამახვილა.
მისი თქმით, ქალაქში უკანონო მშენებლობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, რომელთა მესაკუთრეებს ზედამხედველობის სამსახურმა გარკვეული ვადა მისცა, რათა უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდეს.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურის მიერ სხვადასხვა მიმართულებით 216 მითითება გაიცა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს, ასევე უკანონო და პროექტის დარღვევით მშენებლობებს ეხება. რაც შეეხება სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობებს, მიზანმიმართულად ხდება მიწების დატაცება. დაახლოებით, 500-დე ასეთი ობიექტია გამოვლენილი და ამათგან წარმოება დაწყებულია 270 ობიექტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სპეციალური მოსარეცხი ადგილები უნდა მოეწყოს იმისთვის, რომ სამშენებლო მოედნიდან გამოსულმა მანქანებმა ქალაქი არ დააბინძურონ.

„შესაბამისად, არცერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა გაიცეს, სადაც ასეთი ჩამოსარეცხი არ იქნება მოწყობილი იმ მშენებლობებზე, სადაც მშენებლობა უკვე დაწყებულია. დაავალდებულეთ, რომ ეს მოედნები შესაბამისად მოეწყოს. ეს ქალაქი ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ მის სისუფთავესა და მოვლაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და განაცხადა, რომ თბილისში საახალწლო ღონისძიებები სამ ლოკაციაზე – გლდანში, ძველ თბილისსა და ვარკეთილში გაიმართება.

„ვისაც სურვილი აქვს ამ ღონისძიებებზე დასწრების, იცით, რომ როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. ყველა ადამიანს, ვისაც კონცერტზე დასწრების სურვილი ექნება, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იქნება. მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ ერთად, აუცილებლად შევძლებთ, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად ვაქციოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ 04:00 საათამდე იმუშავებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0